კომპანია BitFury-მ თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების მონაცემთა ცენტრი გახსნა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიცაა BitFury, საქართველოში შემოდის. მან უკვე განახორციელა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია, თანაინვესტირების ფონდის თანადგომით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ენერგოეფექტური გაგრილების მონაცემთა ცენტრის გახსნაზე.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
„ეს არის იმედის მომცემი ჩვენთვის. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების წახალისება. არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იქნება დამატებითი სტიმული სხვა კომპანიებისთვისაც, ინვესტიციების დასაბანდებლად“ – ამბობს პრემიერი.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ BitFury პირველი წარმატებული პროექტი გორში განახორციელა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის გაფართოება და დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში, სადაც 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონა განვითარდება.
„პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში. BitFury Group მეგა მონაცემთა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლით, თბილისის თავისუფალი ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.